საქართველოსა და ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება“. DCFTA-ის მიზანია, სავაჭრო და ვაჭრობასთან დაკავშირებულ სფეროებში ევროკავშირის კანონმდებლობასთან ეტაპობრივი დაახლოების გზით, მოახდინოს საქართველოს ეკონომიკის ევროკავშირის ეკონომიკასთან ინტეგრაცია. DCFTA-ის კოორდინირებული და ეფექტიანი განხორციელების მიზნით, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა DCFTA-ის განხორციელების სამოქმედო გეგმა 2014-2017 წლებისთვის. DCFTA-ის საკითხები 2015 წლიდან, ასევე, წარმოადგენს ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების ყოველწლიური ეროვნული სამოქმედო გეგმის ნაწილს. DCFTA-ის განხორციელება ხელს შეუწყობს საქართველოში საინვესტიციო კლიმატისა და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას, ადგილობრივი წარმოებისა და დასაქმების ზრდას და ზოგადად ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. ამასთან, DCFTA-ის განხორციელება იძლევა შესაძლებლობას, საქართველო იქცეს ევროკავშირში საექსპორტო პლატფორმად იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც არ აქვთ თავისუფალი წვდომა ევროპულ ბაზარზე.