ბათუმის მე-13 საერთაშორისო კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა-სტაბილურობა, განვითარება და მრავალფეროვნება“ ფარგლებში წელს პირველად, პირველი სამუშაო დღის ბოლოს, მუშაობა დაიწყო ღამის სესიამ, სადაც ჩეთემ ჰაუსის წესებით განიხილება ისეთი აქტუალური საკითხი, როგორიცაა ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგები და ევროპის მომავალი. მოდერირებულ დისკუსიას უძღვება ბრიუსელში ევროკავშირ-აზიის ცენტრის დირექტორი ფრაზერ კამერონი 
მომხსენებლები არიან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელგიის სამეფოში და საქართველოს წარმომადგენელი ევროკავშირში ნატალია საბანაძე, ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში ალექსანდრა მერი ჰოლ ჰოლი, იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს პოლიტიკური და უსაფრთხოების საქმეთა გენერალური დირექტორატის, რუსეთის ფედერაციის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების უფროსი მაურიციო გრეგანტი და ყოფილი ევროკომისარი გაფართოვებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში გიუნტერ ფერჰოიგენი. 
კონფერენციაში „საქართველოს ევროპული გზა“ მონაწილეობენ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ევროკავშირის ინსტიტუტებისა და პარტნიორი ქვეყნების მაღალი რანგის ოფიციალური პირები, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები. ღონისძიებას აშუქებს საერთაშორისო და ადგილობრივი მედია.