გიორგი მარგველაშვილი

გიორგი
მარგველაშვილი

თანამდებობა

საქართველოს პრეზიდენტი

გიორგი მარგველაშვილი საქართველოს პრეზიდენტად 2013 წლის 27 ოქტომბერს აირჩიეს. ყოფილი ვიცე-პრემიერი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მტკიცე დემოკრატი და რეფორმატორია, რომელმაც მანამდე პოლიტიზირებული განათლების სისტემის არსებითი გარდაქმნის პროცესი დაიწყო. 2013 წლის მაისში  უპარტიო გიორგი მარგველაშვილი მმართველმა კოალიციამ „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტობის კანიდადატად დაასახელა, რომელმაც დამაჯერებლად გაიმარჯვა ხმათა 62,18 პროცენტით.

გიორგი მარგველაშვილის წარსული დაკავშირებულია პოლიტიკასთან, საზოგადოებრივ და საგანმანათლებლო საქმიანობასთან. 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური კოალიციის გამარჯვების შემდეგ „ქართული ოცნების“ მთავრობასთან შეერთებამდე, გიორგი მარგველაშვილი ცნობილი იყო, როგორც პოლიტიკური ექსპერტი. მას ათ წელზე მეტ ხანს ეკავა სხვადასხვა, მათ შორის, რექტორის თანამდებობა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA), რომელიც წამყვანი უმაღლესი განათლების ცენტრია სახელმწიფო მართვის, სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ჟურნალისტიკის მიმართულებით.

ბატონმა მარგველაშვილმა 1992 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მოიპოვა ფილოსოფიურ მეცნიერებათა ხარისხი. 1993-1994 წლებში სწავლა განაგრძო ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში  (ჩეხეთი - პრაღა), ხოლო 1993-1996 წლებში - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში. 1998 წელს გიორგი მარგველაშვილმა მოიპოვა ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.