მიხეილ ჯანელიძე

მიხეილ
ჯანელიძე

თანამდებობა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

მიხეილ ჯანელიძე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად 2015 წლის 30 დეკემბერს დაინიშნა.მანამდე 2015 წლის სექტემბრიდან მიხეილ ჯანელიძე საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა და წარმართავდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და კანადასთან საქართველოს ურთიერთობებს, ასევე ეკონომიკური დიპლომატიის საკითხებს.

2009-2015 წლებში მიხეილ ჯანელიძე მუშაობდა სხვადასხვა მნიშვნელოვან პოზიციებზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში. თავდაპირველად საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორის, ხოლო 2011 წლიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თანამდებობებზე. აღნიშნულ წლებში იყო ევროკავშირთან ვაჭრობის შეთანხმების საკითხებზე საქართველოს მხრიდან მთავარი მომლაპარაკებელი და სხვადასხვა ქვეყანასთან ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათშორისი კომისიების თავმჯდომარე. საჯარო სამსახურში მუშაობის დაწყებამდე საქმიანობდა კერძო სექტორში საერთაშორისო ვაჭრობისა და ინვესტიციების მიმართულებით, როგორც ბიზნესის განვითარებისა და მართვის მენეჯერი და მეწარმე.

2002 წელს მიხეილ ჯანელიძემ წარმატებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტი და მიენიჭა ბაკალავრის ხარისხი. 2003-2006 წლებში სწავლა გააგრძელა საერთაშორისო სამართლისა და ევროპული სამართლის სპეციალობით დიპლომატიურ აკადემიაში, რუსეთის ფედერაციაში. 2011 წელს საფრანგეთის გრენობლის ბიზნესის უმაღლესი სკოლის მიერ მიენიჭა ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი, ხოლო კავკასიის ბიზნესის სკოლის მიერ - მმართველთათვის საერთაშორისო ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი. 1996-1997 წლებში სწავლობდა გერმანიაში, ქ. ვადერნის ჰოხვალდის გიმნაზიაში.

2011 წელს, საქართველოს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, მიხეილ ჯანელიძეს ღირსების ორდენი მიენიჭა.