ნატალია საბანაძე

ნატალია
საბანაძე

თანამდებობა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელგიის სამეფოში და საქართველოს წარმომადგენელი ევროკავშირში

ნატალი საბანაძე  ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს სრულუფლებიან ელჩად და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელად, 2013 წლის მაისში დაინიშნა. ზემოხსენებულ თანამდებობამდე, იგი ჰააგაში,  ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში, ეუთო-ს უმაღლესი კომისრის უფროს მრჩევლად მუშაობდა. ეუთო-ს უმაღლესი კომისრის კაბინეტში, იგი სხვადასხვა თანამდებობებზე - მათ შორის, ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის განყოფილების უფროსად, ხოლო შემდეგ კი, აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის განყოფილების უფროსად მუშაობდა. ნატალია საბანაძე 1975 წლის 31 აგვისტოს დაიბადა. იგი აშშ-ს სვართიმორისა (Swarthmore) და მოუნტ ჰოლიოკის (Mount Holyoke) კოლეჯებში სწავლობდა. მან დაამთავრა ლონდონის ეკონომიკის სკოლის (London School of Economics) სამაგისტრო პროგრამა და 1999წ. წარჩინებით მოიპოვა საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში მაგისტრის ხარისხი. მოგვიანებით იგი, საქართველოში აშშ-ს საელჩოში პოლიტიკურ ოფიცრად მუშაობდა. ნატალია საბანაძე დულვერტონის (Dulverton) სახელობის მკვლევარის სტატუსით მუშაობდა ოქსფორდის უნივერსიტეტში (Oxford University). ამავე უნივერსიტეტში 2005 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთერთობების დოქტორის ხარისხი.

ნატალი საბანაძე, სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა მიწვეულ მკვლევარად, გერმანიის ქ. ფლენსბურგში (Flensburg) მდებარე, უმცირესობებზე მომუშავე ევროპულ ცენტრში (European Centre for Minority Issues) და ესპანეთში მდებარე, დეუსტოს უნივერსიტეტში (Deusto University).   

ნატალი საბანაძის სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, პოსტ-კომუნისტური ტრანზიციის, პოლიტიკური თეორიის, ნაციონალიზმის, ეთნიკური კონფლიქტისა და ეროვნულ უმცირესობათა საკითხები წარმოადგენს.  მისი ავტორობით 2009 წელს გამოიცა წიგნი - გლობალიზაცია და ნაციონალიზმი: საქართველოსა და ბასკეთის მაგალითები (Globalisation and Nationalism: The Cases of Georgia and Basque Country). ნატალია საბანაძისა და ფრანჩესკო პალერმოს (Francesco Palermo) თანაავტორობით 2010 წელს გამოიცა წიგნი - ეროვნული უმცირესობები სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში (National Minorities in Inter-State Relations).

საბანაძის მშობლიური ენაა ქართული. იგი ასევე საუბრობს ინგლისურ, რუსულ და ესპანურ ენებზე.