მოგესალმებით,

კომისარო ჰან, ძვირფასო მეგობრებო და კოლეგებო,

ბათუმი არის ნამდვილი ევროპული ქალაქი, რომელიც უძველესი დროიდან მდებარეობდა ბერძნული, რომაული და ოსმალური ცივილიზაციების გზაჯვარედინზე. დღეს აქ განლაგებულია ევროპის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პორტი, ევრაზიის ახალი აბრეშუმის გზის შემადგენელი ნაწილი, რომელიც აკავშირებს ჩინეთსა და აღმოსავლეთს ევროპასა და დასავლეთთან. მომდევნო რამდენიმე ათწლეულში ბათუმი იქცევა ცენტრად, სადაც, ევროპასა და აღმოსავლეთს შორის ვაჭრობის შედეგად, თავს მოიყრის ტრილიონობით დოლარი, ადგილად, საიდანაც ევროპა თვალყურს გაადევნებს დინამიური ეკონომიკური ძალების მიერ ჩვენი კონტინენტის გარდაქმნის პროცესს. ჩვენი მზერა ბათუმიდან წვდება თურქეთს, რუმინეთს, ბულგარეთს, ჩვენს პარტნიორებს შავი ზღვის სანაპიროზე და ნატოს წევრ ქვეყნებს. ბათუმი ევროპაა და მასზე მომავალშიც სულ უფრო ნათლად აისახება ევროპის კეთილდღეობა, აყვავება და ხვალინდელი დღე.

შესაბამისად, მართებული და ნიშანდობლივია, რომ ბათუმის მე-13 საერთაშორისო კონფერენცია სწორედ ამ ევროპულ ქალაქში ტარდება. ჩემთვის დიდი პატივია, გიმასპინძლოთ საქართველოში. გამოვთქვამ იმედს, რომ გექნებათ დრო, რათა გაეცნოთ ჩვენი ქვეყნის ისტორიას და ულამაზეს ბუნებას, კულტურულ საუნჯეს, საქვეყნოდ ცნობილ სამზარეულოსა და ღვინოს და ჩვენი საერთო ევროპული სახლის უნიკალურ მაგალითებს.

 

საქართველო და ევროკავშირი

საქართველო არის ევროპა. საქართველოს ყველა კუთხეში, სადაც არ უნდა გაიხედოთ, ყველა, განურჩევლად მისი სოციალური სტატუსისა, ხმამაღლა აცხადებს ამის შესახებ. ეს არც ახალი აღმოჩენაა და არც მოდას აყოლილი ადამიანის განცხადება. ქართველი ერი დღეს არ გაჩენილა და ჩვენ არ ვცდილობთ, გავხდეთ ის, რაც არც ვყოფილვართ და არც ვართ. ქართველები ევროპელები არიან. ქართული კულტურა ადასტურებს საქართველოს ღრმა ევროპულ ფესვებსა და გავლენას. საქართველოს ისტორია სამუდამოდ არის დაკავშირებული ევროპულთან. ევროპა არის ჩვენი წარსული და ჩვენი მომავალიც ევროპა იქნება.

რასაკვირველია, ამის მისაღწევად მხოლოდ სიტყვები არ კმარა. ჩვენ ეს კარგად გვესმის. სწორედ ამიტომ აქვთ ქართველებს მტკიცედ გადაწყვეტილი ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილება და მეტის გაკეთებაც, რათა გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. დამეთანხმებით, ჩვენი წინსვლა შთამბეჭდავია. სიხარულით აღვნიშნავ, რომ საქართველო სტაბილურად მიიწევს წინ ასოცირების ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების განხორციელების გზაზე. ასოცირების ხელშეკრულება არის ჩვენი რეფორმების გზამკვლევი, რომელიც მოიცავს ეკონომიკის, გარემოს დაცვის, ენერგეტიკის, წარმოების, ტრანსპორტის, მომხმარებელთა დაცვისა და ბევრ სხვა სფეროს. ჩვენ უკვე განვახორციელეთ ჩვენი სამართლებრივი და საარჩევნო სისტემების ფუნდამენტური რეფორმა. ჩვენ შევასრულეთ ვიზების ლიბერალიზაციის ყველა მოთხოვნა, რაც დაადასტურეს კიდეც ევროკომისიამ და ევროპარლამენტმა. გარდა ამისა, ჯერ კიდევ ასოცირების ხელშეკრულების ოფიციალურად ძალაში შესვლამდე 1 ივლისს, ჩვენ შევასრულეთ და  დავნერგეთ მისი ბევრი დებულება.

ეს პროგრესი, პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეთა დამსახურებაა, თუმცა მას მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა დღეს აქ წარმოდგენილი ქვეყნების მთავრობებისა და ევროპული ინსტიტუტების მხარდაჭერამ. თქვენი გამოცდილება, რჩევები და დახმარება ფასდაუდებელია. ყველა ქართველის სახელით, მადლობა!

 

ევროინტეგრაცია... და გაფართოება                          

ჩვენ მთელი სერიოზულობით ვეკიდებით ევროკავშირში საქართველოს გაწევრების საკითხს. მეორე მხრივ, 23 ივნისს ჩვენ დავრწმუნდით, რომ ევროპაში შემდგომ ინტეგრაციას ვერავინ ჩათვლის, როგორც თავისთავად არსებულ მოცემულობას. ცენტრიდანული ძალები ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში საგრძნობი სიმტკიცით გამოირჩევიან. უგუნურება იქნებოდა ამ მძლავრ დინამიკაზე თვალის დახუჭვა. სწორედ ამიტომ მივესალმებით ევროსაბჭოს მიერ ორი კვირის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას სექტემბრის შუა რიცხვებში სლოვაკიაში სპეციალური შეხვედრის ჩატარებასთან დაკავშირებით, რომელზეც განხილული იქნება ევროინტეგრაციის ხვალინდელი დღე. ვფიქრობ, რომ ეს დისკუსიები მიმართული იქნება იმის დადგენისკენ, თუ სად არის სისხლდენის კერა და რომელი გზებით შეიძლება მისი შეჩერება. ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, კარგად გააცნობიერონ, რომ  საქართველოს მიზანმიმართულება და შემართება ევროპასთან დაკავშირებით არის არა ახალი თავის ტკივილი ევროპისთვის, არამედ ნათელი დემონსტრირება ყველაფრისა, რაც კარგია ევროკავშირში. საქართველოს სურვილი არ არის, თავს მოახვიოს ევროკავშირს ახალი სატკივარი. პირიქით, საქართველო არის სხვაგან გაჩენილი სატკივარის მკურნალი სალბუნი. ჩვენთვის რთული წარმოსადგენია, რომ შეიძლება მოიძებნოს ჩვენი უნიკალური ევროპული ღირებულებების დასაცავად საქართველოს მხრიდან მათი გაზიარების მგზნებარე სურვილზე უკეთესი არგუმენტი.

ბატონებო და ქალბატონებო, დღეს ევროკავშირი არ უნდა ჩაიკეტოს თავის თავში, არ უნდა დაიხარჯოს ტრავმებზე ფიქრში და ამით უგულებელყოს თავისი სხეულის ჯანმრთელი ნაწილები. შესაბამისად, გამოვთქვამთ დიდ იმედს, რომ საქართველოს მიღების პროცესი დასრულდება, შეძლებისდაგვარად, სწრაფად. საქართველო ხომ ჯანმრთელი და ქმედითი სხეულის ნაწილია.

 

საქართველო და ნატო

სულ რამდენიმე დღის წინ, უკრაინაში არსებული მღელვარებისა  და ბევრი ევროპული ქვეყნის მიმართული და არც თუ ისე დაფარული საფრთხეების ფონზე, ვარშავაში გაიმართო ნატოს სამიტი. მოდით, სიმართლე ვთქვათ. ყველა ქართველი ამ სამიტისგან სხვა შედეგებს ელოდა, შედეგები, რომლებითაც კიდევ ერთხელ დადასტურდებოდა საქართველოს ადგილი ნატოს აქტიური წევრების რიგში და გამოიხატებოდა პატივისცემა მის მიერ ევროპის წინაშე მდგარი გამოწვევების გადასაჭრელად გაღებული მსხვერპლის მიმართ. ერთ სულ მოსახლეზე ქართველ მებრძოლთა კოეფიციენტი, რომლებიც მსახურობენ ერაყისა და ავღანეთის კონფლიქტურ რეგიონებში,  აღემატება ნებისმიერი ევროპული სახელმწიფოს ანალოგიურ მაჩვენებელს და ჩამოუვარდება მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს. ქართველთა ღრმა რწმენით, მათ დაიმსახურეს ევროპისა და ნატოს ნდობა. ბევრმა ქართულმა ოჯახმა გაიღო მსხვერპლად თავისი შვილი ნატოს ბრძოლის ველზე, ასობით ქართველი კი დაიჭრა ამ შეტაკებებში. ყველამ, ვინც იცნობს საქართველოს, იცის, თუ რა ახლო კავშირებით არიან შედუღაბებული ჩვენთან ოჯახები და სამეგობრო წრეები, ჩვენი საზოგადოება და ერი. ჩვენ ცხარე ცრემლით ვგლოვობთ ჩვენს დაცემულ გმირებს. ისინი მარადჟამ შეგვახსენებენ იმ საქმეს, რომლისთვისაც ჩვენ გვთხოვეს ბრძოლაში ჩართვა და რომლისაც ჩვენ გვწამს, ასევე იმას, თუ რაოდენ აძლიერებს ევროპის უსაფრთხოებას თითოეული ასეთი საქმის წარმატება.

შარშან, საქართველოში ვიზიტის დროს, ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ საქართველო არის „დემოკრატიული რეფორმების განხორციელების მისაბაძი მაგალითი რეგიონში და მის საზღვრებს გარეთ“ და რომ საქართველოს „უკვე აქვს ნატოში გაწევრებისკენ წინსვლისთვის აუცილებელი ინსტრუმენტები“. მსგავსი განცხადებები გაკეთდა გასულ კვირას, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის შემდეგ. არ არის გასაკვირი ქართველთა მოუთმენლობა, როცა მათ ეუბნებიან, რომ მათ მიაღწიეს პროგრესს იმ მიზნისკენ მიმავალ გზაზე, რომლისადმი მათი ერთგულება და მათი ღირსება სისხლით არის დაბეჭდილი. მათი მოთმინება უსაზღვრო არ არის. რასაკვირველია, ჩვენ მომავალშიც არ დავიშურებთ ძალ-ღონეს ნატოსთან უფრო მჭიდრო ურთიერთობების დასამყარებლად. მაგალითად, ჩვენ მზად ვართ ნებაყოფლობით საფუძველზე გავაგზავნოთ ჩვენი კვალიფიციური მებრძოლები ბატალიონებში, რომლებსაც ნატო აყალიბებს პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებისთვის, რომლებთანაც საქართველოს აქვს მჭიდრო კავშირები და საერთო ინტერესები. მეორე მხრივ, წევრობის სამოქმედო გეგმა საქართველოსთვის, რომელსაც ნატო დიდი ხანია გვპირდება, რეალობად უნდა იქცეს ამ განტოლებაში და არ უნდა იყოს რაღაც გაურკვეველი, თეორიული და ბუნდოვანი სამომავლო პერსპექტივა.

 

ჩვენი რეგიონი

ჩვენი რეგიონის ზედაპირული მიმოხილვაც ცხადყოფს, თუ რატომ აძლიერებს საქართველო, როგორც ევროპის შემადგენელი ნაწილი, მის უსაფრთხოებას. საქართველო არის ევროპის სასაზღვრო ტერიტორია, შავი ზღვის უსაფრთხოების საყრდენი. მას ესაზღვრება მღელვარე თურქეთი და არასტაბილური, ფეთქებადი ჩრდილოეთ კავკასია და სწორედ მასზე გადის რეგიონის ენერგორესურსების დიდი ნაწილი ევროპისკენ მიმავალ გზაზე. და, როგორც უკვე ვახსენე, საქართველო უკვე იქცევა მთავარ კარიბჭედ, რომელიც უზრუნველყოფს ევროპისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ვაჭრობას ჩინეთსა და, ზოგადად, აღმოსავლეთთან. ამასთან, საქართველო არის სტაბილურობის, ევროპული კულტურისა და მზარდი კეთილდღეობის დემოკრატიული ოაზისი. ნუთუ არ იქნებოდა უპრიანი ევროპის მხრიდან საქართველოში იმ ძალების გაძლიერება, რომლებიც, თავის მხრივ, აძლიერებენ ევროპის უსაფრთხოებას? თუკი ასეა, ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს სრულად გაწევრების ლოგიკურობა ცხადზე ცხადია.

 

ასევე ლოგიკური დასკვნაა, რომ ჩვენი მჭიდრო პარტნიორობის გარეშე ჩვენ გარშემო მიმდინარე კონფლიქტების გადაჭრა უფრო გართულდება, რაც, ბუნებრივია, კიდევ უფრო დიდ საფრთხეს შეუქმნის თავად ევროპას. განსაკუთრებით აღმაშფოთებელია მდგომარეობა საქართველოს კუთვნილ ტერიტორიებზე: აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ამის ერთ-ერთი მიზეზია ადგილზე საერთაშორისო მონიტორინგის არარსებობა ორივე რეგიონში. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას უარი ეთქვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლაზე, რის გამოც ის ვერ ახორციელებს თავის მანდატს. შესაბამისად, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ძალისხმევა, რათა აღვადგინოთ ეუთოს სრულფასოვანი ფუნქციონირება საქართველოში. სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებთან ხელმოწერილი ეგრეთწოდებული ხელშეკრულებები (2014 და 2015 წლებში, შესაბამისად), ასევე რუსეთის ფედერაციაში შესვლის შესახებ ცხინვალის რეგიონში რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებული გეგმების გაცხადება, ნათლად მეტყველებენ რუსეთის პოლიტიკაზე, რომელიც მიზნად ისახავს ანექსიას, და სავალალო შედეგები შეიძლება მოუტანონ არა მარტო საქართველოს, არამედ მთლიანად რეგიონს. არაკეთილგონივრულია ამ საკითხის, როგორც მხოლოდ საქართველოს პრობლემის განხილვა.

 

ჩვენ არ წამოვეგებით პროვოკაციებზე, მაგრამ არც დავნებდებით. პირიქით, ჩვენ მომავალშიც არ დავიშურებთ ძალ-ღონეს, რათა აღვადგინოთ ნდობა, ხელი შევუწყოთ შერიგების პროცესს და ქართული, აფხაზური და ოსური საზოგადოებების ერთ ქვეყანად გაერთიანებას.

 

მომავალი

ძვირფასო მეგობრებო, გაგაცნობთ ჩემს მოსაზრებებს ევროპის მომავლის შესახებ და ორიოდე იდეას ჩვენი კონფერენციისთვის.

 

ხშირად ავიწყდებათ, თუ რით არის გამორჩეული, უნიკალური ევროკავშირი. ისტორიას არ ახსოვს, რომ ამდენი სახელმწიფო გაერთიანებულიყო, რათა ერთად ემართათ ამდენი სფერო. მიუხედავად მის წინაშე მდგარი ყველა გამოწვევისა, ევროკავშირი დღესაც არის რეგიონალური ინტეგრაციის სარგებლის მაგალითი მსოფლიოს სხვა რეგიონებისთვის, იქნება ეს აზია, აფრიკა თუ ლათინური ამერიკა.

 

სწორედ ამიტომ დავავალე მე ჩვენს მინისტრებს ჩვენი მოქალაქეების ინფორმირებულობის გაზრდა ევროკავშირის სარგებლის შესახებ. პატივს მივაგებ დავითისა და მისი აპარატის დაუღალავ შრომას ამ მიმართულებით.

აი, ევროპა, როგორც ჩვენ მას ვხედავთ, ევროპა, რომლის შესანარჩუნებლად ჩვენ ძალ-ღონეს არ დავიშურებთ:

  • ევროპა, რომელიც არის ღია, ტოლერანტული და აქტუალური მოქალაქეთათვის;
  • თავდაჯერებული და, ამავე დროს, თავმდაბალი ევროპა;
  • ევროპა გამყოფი კედლებისა და ბარიერების გარეშე;
  • ევროპა, რომელიც მუშაობს თავისი უსაფრთხოების გაძლიერებაზე, რათა ხელი შეუწყოს მშვიდობასა და სტაბილურობას მსოფლიოს სხვა კუთხეებში.

ერთი სიტყვით, ერთიანი და თავისუფალი ევროპა.

პოლიტიკოსებს უნდა ჰქონდეთ ხედვა და მათ უნდა შეეძლოთ ამ ხედვის აღწერა თავიანთი მოქალაქეებისთვის. ჩემი ხედვა არის ევროპა, ხოლო საქართველო ევროპაში არის ჩვენი მოქალაქეების მისია. ეს არის ოდენ ლიტონი სიტყვები და იაფფასიანი ლოზუნგი. ეს არის ის, რისიც ჩვენ გვჯერა.

ვიცი, ბევრი თქვენგანი იზიარებს საქართველოს ხედვას და დღევანდელი და ხვალინდელი დისკუსიების ფარგლებში იდეებსაც მოგვაწვდის ამ ხედვის ხორცშესასხმელად. ისტორიულად, ბათუმი ცნობილია, როგორც სერიოზული იდეების ქარხანა. ასე რომ, იყავით გამბედავნი, იყავით თავისუფალნი, იყავით ევროპელები.

დიდი მადლობა.