15 ივლისს, ქ. ბათუმში, მე-13 საერთაშორისო კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა-სტაბილურობა, განვითარება და მრავალფეროვნება“ ფარგლებში მიმდინარეობს მეხუთე სესია - „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე (DCFTA), საკანონმდებლო რეფორმები და ეკონომიკური გავლენა“, სადაც განიხილება ისეთი საკითხები, როგორიცაა: რა გამოწვევებთან არის დაკავშირებული DCFTA-ის განხორციელება? საქართველოს მთავრობის შესაძლებლობები DCFTA-სთან დაკავშირებული ინსტიტუციური რეფორმებისა და განხორციელების მექანიზმების კუთხით. რა შესაძლებლობები არსებობს ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმომწერ ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის საერთო ეკონომიკური სივრცის შესაქმნელად? როგორ შეუძლია ევროკავშირს დაეხმაროს საქართველოს რეფორმების განხორციელების პროცესში? რა შესაძლებლობები არსებობს მცირე და საშუალო ბიზნესისათვის ევროკავშირის ნორმებისა და სტანდარტების ეფექტიანი გამოყენების მიზნით? როგორ არის დაკავშირებული DCFTA-ის სარგებელთან ინვესტიციები და ეკონომიკური ზრდა? რა საჭიროებების წინაშე დგას კერძო სექტორი DCFTA-ს განხორციელების პროცესში? საქართველო-ევროკავშირს შორის სავაჭრო ურთიერთობები: ტენდენციები და სტატისტიკური მონაცემები. საქართველოს საექსპორტო პოტენციალის გაზრდის შესაძლებლობები და გამოწვევები.
მოდერირებულ დისკუსიას წარმართავს საგარეო საქმეთა და ევროპასთან ინტეგრაციის მინისტრის მოადგილე დანიელა მორარი. სესიის მომხსენებლები არიან: საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ვაჭრობის საკითხში ევროკომისარის კაბინეტის უფროსი მარია ასენიუსი, ევროკომისიის, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორის მოადგილე კატარინა მატერნოვა, რუმინეთის რესპუბლიკის დეპუტატების პალატის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარენ ანა ბირჩალი და ბელგიის სამეფოს ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის (CEPS) ასოცირებული უფროსი მკვლევარი მაიკლ ემერსონი.

კონფერენციაში „საქართველოს ევროპული გზა“ მონაწილეობენ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ევროკავშირის ინსტიტუტებისა და პარტნიორი ქვეყნების მაღალი რანგის ოფიციალური პირები, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები. ღონისძიებას გააშუქებს საერთაშორისო და ადგილობრივი მედია.