ბათუმის მე-13 საერთაშორისო კონფერენციამდე „საქართველოს ევროპული გზა“ მხოლოდ ერთი დღე დარჩა. მომხსენებელთა და მონაწილეთა რაოდენობამ წლევანდელ წელს უპრეცედენტო მაჩვენებელს მიაღწია. 30 ქვეყნის 50 მომხსენებლისა და 400-მდე მონაწილის მიერ კონფერენციაზე განიხილება ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა: ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობები, ევროკავშირის საბჭოში სლოვაკეთის საპრეზიდენტო პერიოდის ძირითადი პრიორიტეტები, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება და ევროკავშირის მიერ გაწეული დახმარების როლი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში. ყურადღება გამახვილდება ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში არსებულ გამოცდილებასა და გამოწვევებზე. მთავარ განსახილველ საკითხებს შორისაა საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირებისა და მისივე შემადგენელი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებების განხორციელების პროცესი,  ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხები, რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური სიტუაცია და უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევები. ღონისძიებას აქტიურად გააშუქებენ ადგილობრივი და უცხოური მედიის წარმომადგენლები.