ბათუმის მე-13 საერთაშორისო კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა-სტაბილურობა, განვითარება და მრავალფეროვნება“ ფარგლებში მესამე თემატური სესია დასრულებულია. სესიაზე განიხილეს შემდეგი საკითხები: არის თუ არა ევროპული უსაფრთხოების სტრატეგია მზად თანამედროვე გამოწვევების - ჰიბრიდული ომის, ტერორიზმისა და საემიგრაციო კრიზისის საპასუხოდ? როგორ ვითანამშრომლოთ უფრო მჭიდროდ უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით?რა ინსტრუმენტები აქვს ევროკავშირს სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რეგიონში? რამდენად სახიფათოა წარსულში დაბრუნებისა და გავლენის სფეროების აღდგენის მცდელობა? მოსალოდნელია თუ არა რუსეთის შემდგომი აგრესია „აღმოსავლეთ პარტნიორობისა“ და ევროკავშირის წევრ ქვეყნების მიმართ? რა ბერკეტები გააჩნია რუსეთს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ევროინტეგრაციის პროცესის შესაფერხებლად? რა როლი აქვს რუსეთზე ენერგო დამოკიდებულებას თანამედროვე უსაფრთხოების არქიტექტურაზე? როგორ უნდა იქნას დაცული ქვეყნის დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა და ევროპული მისწრაფება?
მოდელირებულ დისკუსიას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი უძღვებოდა. სესიაზე მომხსენებლები გახლდნენ: საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ჰერბერტ ზალბერი, პოლონეთის რესპუბლიკის სენატორი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბოგდან კლიხი, უნგრეთის დემოკრატიის სახალხო ფონდის ცენტრის პრეზიდენტი (DEMKK) იშტვან ჯიარმატი, თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი იაშარ იაკიში.
სესიის დასასრულს პრეზენტაცია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილემ ქეთევან ციხელაშვილმა წარმოადგინა.
კონფერენციაში „საქართველოს ევროპული გზა“ მონაწილეობენ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ევროკავშირის ინსტიტუტებისა და პარტნიორი ქვეყნების მაღალი რანგის ოფიციალური პირები, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები. ღონისძიებას აშუქებს საერთაშორისო და ადგილობრივი მედია.