ბათუმის მე-13 საერთაშორისო კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა-სტაბილურობა, განვითარება და მრავალფეროვნება“ ფარგლებში მუშაობა დაიწყო მეორე სესიამ „ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის მიმოხილვა და მისი პრიორიტეტები ასოცირებული ქვეყნებისათვის“. განიხილება ისეთი საკითხები, როგორიცაა: ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის მიმოხილვა: ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის მომავალი - მიღებული გამოცდილება და ძირითადი გამოწვევები; როგორ შეიძლება ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკა გახდეს უფრო ეფექტიანი მექანიზმი ევროკავშირისა და მისი პარტნიორი ქვეყნების ინტერესების ხელშეწყობის კუთხით?; „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებთან სავიზო რეჟიმი (უვიზო მიმოსვლა) - მოლდოვას რესპუბლიკის გამოცდილება; ევროკავშირთან უვიზოდ მიმოსვლისათვის საქართველოს მოქალაქეებისათვის მათი უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის მნიშვნელობა; ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის სარგებელი საქართველოსა და უკრაინისათვის; ასოცირების შესახებ შეთანხმებების, მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებებისა და ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმების განხორციელება.

სესიას მოდერაციას უწევს მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMDP) დირექტორი, ავსტრიის რესპუბლიკის ყოფილი ვიცე-კანცლერი მიხეილ შპინდელეგერი. მომხსენებლები არიან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტი; საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ვიქტორ დოლიძე, ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს მეორე პრეზიდენტი კარლ ჰაინც კოპფი, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიისა და ეუთოს დირექტორი, ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილე ლუკ პიერ დევინი, ყოფილი ევროკომისარი გაფართოვებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში გიუნტერ ფერჰოიგენი.

კონფერენციაში „საქართველოს ევროპული გზა“ მონაწილეობენ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ევროკავშირის ინსტიტუტებისა და პარტნიორი ქვეყნების მაღალი რანგის ოფიციალური პირები, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები. ღონისძიებას გააშუქებს საერთაშორისო და ადგილობრივი მედია.