ქ. ბათუმში მიმდინარე ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა-სტაბილურობა, განვითარება და მრავალფეროვნება“ გზა დასრულდა თემატური სესიით: „ევროკავშირის მხარდამჭერი რეფორმების როლი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში - გამოწვევები და შესაძლებლობები“. სესიის ფარგლებში განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: რა რეფორმები განხორციელდა და იგეგმება კანონის უზენაესობის უზრუნველსაყოფად და ადამიანის უფლებების დაცვის გარანტიების გაძლიერების მიზნით? რა მნიშვნელობა აქვთ მათ საქართველოს ევროპულ გზაზე? რა როლი აქვს ევროკავშირის დახმარებას საქართველოს კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულების სექტორის რეფორმებში? როგორია საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან დაახლოების მეთოდოლოგია და როგორ უჭერს მხარს მისი შემუშავების პროცესს ევროკავშირი? რა საჭიროებები და პრიორიტეტები არსებობს საქართველო-ევროკავშირის „განვითარების თანამშრომლობის“ (Development Cooperation) კუთხით და რამდენად ეფექტურია ევროკავშირი ასოცირების შეთანხმების და მათ შორის ღრმა და ყოვლის მომცველი თავისუფალი ვაჭრობის კომპონენტის (DCFTA) ფარგლებში მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერისას? რა როლი აქვს სტრატეგიულ დაგეგმარებასა და კოორდინაციას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების პროცესში და რა გავლენას ახდენს ის დახმარების პროექტების ეფექტურობაზე (რა გაკეთდა და რა არის დაგეგმილი)? სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტები 2017-2020 წლების პერიოდისათვის (კერძო სექტორი და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, კანონის უზენაესობა, სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა და ა.შ.)?.

მოდერირებულ დისკუსიას FAO-ს პროექტის „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაძლებლობების განვითარება“ ხელმძღვანელის მოადგილე ლაშა დოლიძე გაუძღვა. მომხსენებლები: საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ესტონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ეკონომიკისა და განვითარების საკითხებში ვეინო რეინარტი, Science Po Paris-ის ასოცირებული პროფესორი ფრანსუა ლაფონი, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ვინსენტ რეი, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე კახაბერ გოგოლაშვილი.

საერთაშორისო კონფერენცია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ელჩმა იანოშ ჰერმანმა შეაჯამა. - კონფერენციაში „საქართველოს ევროპული გზა“ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ევროკავშირის ინსტიტუტებისა და პარტნიორი ქვეყნების მაღალი რანგის ოფიციალური პირები, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ორდღიან ღონისძიებას საერთაშორისო და ადგილობრივი მედია აშუქებდა.