ქ. ბათუმში მე-14 საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა-რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა“ გრძელდება. კონფერენციის მეორე დღეს მუშაობა დაიწყო პირველმა სესიამ - „აღმოსავლეთ პარტნიორობა - რა არის შემდეგი ეტაპი ასოცირებული პარტნიორებისთვის?“, სადაც განიხილება შემდეგი საკითხები: უვიზო რეჟიმი ევროკავშირსა და ასოცირებულ პარტნიორებს შორის - ახალი პერსპექტივები და შესაძლებლობები; აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი - პარტნიორების პასუხისმგებლობის ზრდისა და შედეგებზე ორიენტირებული მიდგომის საჭიროება; აღმოსავლეთ პარტნიორობის 2017 წლის სამიტი - ევროკავშირსა და ასოცირებულ პარტნიორებს შორის თანამშრომლობის გაუმჯობესების მიზნით დახმარების ინსტრუმენტების გარდაქმნის შესაძლებლობა; აღმოსავლეთ პარტნიორობის მრავალმხრივი თანამშრომლობის არქიტექტურის გადახედვა.

სესიის მოდერატორია დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს „Lester B Pearson“ უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა და ოქსფორდის უნივერსიტეტის წმინდა ანას კოლეჯის პროფესორი ნილ მაკფარლენი. მომხსენებლები: საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში და ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ნატალი საბანაძე, მოლდოვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის მინისტრის მოადგილე დანიელა მორარი, ლიტვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ვიცე მინისტრი დარიუს სკუსევიჩუსი, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ელჩი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში იან რეინჰოლდი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფონდის პროექტის „EU-STRAT“ მკვლევარი, ლორ დელკური.

კონფერენციაში „საქართველოს ევროპული გზა“ მონაწილეობენ საქართველოს, ევროკავშირის და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, პარლამენტარები, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეების, მედიისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები. ღონისძიებას აშუქებს საერთაშორისო და ადგილობრივი მედია.