მე-14 საერთაშორისო კონფერენცია - „საქართველოს ევროპული გზა“

2017 წლის 13-14 ივლისს, ქ. ბათუმი უმასპინძლებს რიგით მე-14 საერთაშორისო კონფერენციას - „საქართველოს ევროპულ გზა - რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა“, რომელიც 2007 წლიდან, ტრადიციულად, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით ტარდება.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს, ევროკავშირის და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, პარლამენტარები, ასევე სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეების, მედიისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.

კონფერენცია მონაწილეებისათვის წარმოადგენს საუკეთესო პლატფორმას ევროკავშირსა და მის სამეზობლოში არსებული გეოპოლიტიკური, უსაფრთხოების და ეკონომიკური განვითარების გამოწვევებისა და ამ პროცესებში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების როლის განსახილველად.

წელს, კონფერენციაზე მნიშვნელოვანი ყურადღება გამახვილდება ევროპული  დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, მათ შორის, ევროპის უსაფრთხოების თანამედროვე არქიტექტურაზე, ასევე, ევროკავშირსა და მის ასოცირებულ პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ახალ ფორმებზე და საქართველოს როლის მნიშვნელობაზე რეგიონალური სტაბილურობის უზრუნველყოფაში.

ენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველოს გაწევრიანების გათვალისწინებით, წელს კონფერენციაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგეტიკული ბაზრების დივერსიფიკაციის თემების განხილვას, ასევე, დისკუსია გაიმართება ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციის პროცესსა და ევროკავშირის მესამე ენერგო პაკეტის თაობაზე,  ასოცირების შესახებ შეთანხმებების განხორციელების საკითხებზე.

კონფერენციაზე განხილული იქნება შემდეგი თემები:

·       ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების სტრატეგია და საქართველოს, როგორც ენერგეტიკული გაერთიანების წევრის  როლი სტრატეგიის განხორციელებაში;

·       მზარდი მემარჯვენე პოპულიზმი და ანტი-დასავლური პროპაგანდა ევროპაში მოახლოებული არჩვენების ფონზე;

·       ევროპული უსაფრთხოების გამოწვევები - მიგრაცია, ტერორიზმი და ოკუპირებული ტერიტორიები სამეზობლოში;

·       ღრმა და ყოვლისმომცველი  თავისუფალი სავაჭრო სივრცის ზეგავლენა ინვესტიციებსა და ეკონომიკურ ზრდაზე;

·       „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რეგიონში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა.

ბათუმის საერთაშორის კონფერენცია ყოველწლიურად ქმნის შესაბამის სივრცეს იდეების, ინტერესებისა და პოლიტიკის დაახლოებისთვის ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებისა და გაძლიერების მიზნით.