ქ. ბათუმში მიმდინარე ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა-რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა“ დასრულდა თემატური სესიით: „ევროკავშირი საქართველოსთვის - დახმარება, თანამშრომლობა და განვითარება“. სესიის ფარგლებში განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: ევროკავშირის განვითარების პოლიტიკა და მისი შედეგები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ევროკავშირის დახმარების ძირითადი პრიორიტეტები 2017-2020 წლებისთვის; ინიციატივები - „ევროკავშირი ბიზნესისთვის“ და „ევროკავშირი ენერგეტიკისათვის“, როგორც ტრანსფორმაციის მხარდამჭერი მთავარი ინსტრუმენტები;

მოდერირებულ დისკუსიას ევროპული პოლიტიკის ცენტრის პოლიტიკური ანალიტიკოსი, ბელგიის სამეფო ამანდა პოლი გაუძღვა. მომხსენებლები: საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძე, ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, ევროპის საინვესტიციო ბანკის ევროკავშირის მეზობელ ქვეყნებში სასესხო ოპერაციების ევროპასა და კავკასიაში მმართველი დირექტორი ჰაინც ოლბერსი, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის დამფუძნებელი ნინო ზამბახიძე.

კონფერენციაში „საქართველოს ევროპული გზა“ მონაწილეობდნენ საქართველოს, ევროკავშირის და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, პარლამენტარები, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეების, მედიისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები. ღონისძიებას აშუქებდა საერთაშორისო და ადგილობრივი მედია.