„სიმართლე, სიცრუე და ნდობა: პოპულიზმი და თამაში წესების გარეშე“ ამ სახელწოდებით მუშაობა დაასრულა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის მეორე სესიამ, სადაც განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: თანამედროვე საინფორმაციო გარემოს გამოწვევები, სადაც მოწინააღმდეგეები აგრესიული პროპაგანდის საშუალებით ზეგავლენას ახდენენ საზოგადოებაზე; ცრუ ინფორმაცია და კიბერშეტევები - ქვეყნების საგარეო პოლიტიკის მიზნების შეცვლის, დასავლური ღირებულებების დისკრედიტაციისა და საზოგადოებების გაყოფის ეფექტური ინსტრუმენტები; „პოპულისტური“, „ანტი-ევროპული“ და “ანტი-ინსტიტუციური“ კამპანიები, რომლებიც გამოწვევისა და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ არსებულ პოლიტიკურ სისტემებს.

სესიას მოდერაციას უწევდა საერთაშორისო მიმომხილველი ნიკ გოუინგი. მომხსენებლები იყვნენ საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის აღმოსავლეთ სტრატეგიული კომუნიკაციის სპეციალური ჯგუფის ხელმძღვანელი ჯილ პორტმანი, თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრის დირექტორი სვენ საკოვი, “Chatham House”-ის ასოცირებული მკვლევარი ჯეიმს შერი, რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების უფროსი ანალიტიკოსი რუსეთის საკითხებში, გადაცემა „ვერტიკალური ძალაუფლების“ ავტორი ბრაიან ვითმორი.

მომხსენებელთა გამოსვლის შემდეგ სესია კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა.