ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში თემატური სესია “რეგიონული უსაფრთხოების არქიტექტურა – პარტნიორობის და თანამშრომლობის გაძლიერება” გაიმართა. სესიაზე ევროპის უსაფრთხოების თანამედროვე არქიტექტურაზე და ევროკავშირსა და რეგიონალური სტაბილურობის უზრუნველყოფაში საქართველოს როლზე ისაუბრეს. 
 
სამუშაო სესიას მოდერირება გაუწია გერმანიის მარშალის ფონდის ვარშავის წარმომადგენლობის დირექტორმა მიხალ ბარანოვსკიმ. სესიაზე სიტყვით წარსდგნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო  მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის დირექტორი რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიისა და ეუთოს საკითხებში, დირექტორის მოადგილე ევროპის და ცენტრალური აზიის მიმართულებით ლუკ დევინი და პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე უსაფრთხოების, აღმოსავლეთის პოლიტიკისა და ამერიკის პოლიტიკის საკითხებში ბარტოშ ჩიხოცკი.
 
მაღალი დონის მომხსენებლებმა ყურადღება გაამახვილეს გლობალურ უსაფრთოხების საკითხებზე, მათ შორის ხაზი გაუსვეს  საქართველოს უმნიშვნელოვანეს კონტრიბუციას გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით. აღინიშნა, რომ ქვეყნის მიზანს წარმოადგენს დემოკრატიული ინსტიტუტების სიმტკიცეზე დაფუძნებული მდგრადობა და უსაფრთხოება რომლისკენაცაა მიმართული თავდაცვითი რეფორმები. ხაზი გაესვა დემოკრატიის განმტკიცებაში ევროკავშირის მნიშვნლეოვან როლს. 
 
სესიაზე ასევე განიხილეს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ გადადგმული ნაბიჯები. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას და მთავრობის სამშვიდობო ინიციატიას “ ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ”, რომელიც მიზნად ისახავს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობის ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. სამუშაო სესიის განხილვის თემას ასევე წარმოდგენდა ნატოს მომავალი სამიტი და ღია კარის პოლიტიკა.
 
შეხვედრა სიტყვა-პასუხის ფორმატში ჩატარდა. 
 
აღსანიშნავია, რომ რიგით მე-15 ბათუმის კონფერენცია წელს, პირველად, საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით იმართება. საერთაშორისო კონფერენცია 14-15 ივნისს გაგრძელდება. ღონისძების თემატურ სამუშაო სესიებზე განიხილება ევროპული  დღის წესრიგის მთავარი საკითხები.
 
ღონისძიებაში მონაწლიეობას იღებენ საქართველოს, ევროკავშირის და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები,  ასევე, სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეების, მედიისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები. ​