15.06.2018 ბათუმი - ბათუმში 15-ე საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“ მიმდინარეობს. კონფერენციის მეორე დღე სოფლის მეურნეობის, განათლებისა და სხვა სექტორალურ საკითხებს დაეთმობა. ეს საკითხები ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია ნებისმიერი ქვეყნის ინტეგრაციულ პროცესში” - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის შეფასებისას.

მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ენერგეტიკული, სატრანსპორტო და კავშირგაბმულობითი ინტეგრაციის მნიშვნელობაზე.

„მიმდინარეობს დისკუსიები ე.წ “CONNECTIVITY“-ზე ანუ ენერგეტიკულ ინტეგრაციაზე, ასევე კავშირგაბმულობით და  სატრანსპორტო ინტეგრაციაზე. ზოგადად ფიზიკური ინტეგრაცია ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია. მოგეხსენებათ, რომ სულ ახლახანს ჩვენ შევთანხმდით ევროპულ მხარესთან შევქმნათ ახალი ფორმატი ევროკომისიის პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით. სწორედ ამ ფორმატის ძირითადი მიმართულება იქნება სექტორული ინტეგრაცია" - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ვახტანგ მახარობლიშვილმა ასევე შეაფასა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე მიმდინარე დისკუსიები აღმოსავლეთ პარტნიორობის თემატიკაზე და ხაზი გაუსვა იმ  პერსპექტივებს, რომელიც  ევროკავშირის გაფართოების კუთხით არსებობს: „გვქონდა საინტერესო დისკუსიები და საუბარი აღმოსავლეთ პარტნიორობაზე. მოგეხსენებათ რომ სხვადასხვა ქვეყნას სხვადასხვა ინეტრესები აქვს ევროპული ინტეგრაციის კუთხით. ასევე, საუბარი იყო გაფართოების თემატიკაზე, რა პერსპექტივები არსებობს ევროკავშირის მხრიდან გაფართოების კუთხით და რა შესაძლებლობები შეიძლება იყოს დანარჩენი აღმოსავლეთ  ევროპული სახელმწიფოებისათვის, მათ შორის საქართველოსთვის. 
რა თქმა უნდა საქართველო განაგრძობს გზას ევროინტეგრაციის მიმართულებით, გვაქვს ძალიან კარგი დინამიკა მრავალი მიმართულებით და მსგავსი შეხვედრები გვაძლევს საშუალებას რომ მოვიძიოთ ახალი შესაძლებლობები, ახალი ინიციატივები და დავგეგმოთ შემდგომი ნაბიჯები ჩვენს პარტნიორებთან ერთად“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.