ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის "საქართველოს ევროპული გზა" ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ევროპული კომიისიის გენერალურ დირექტორთან გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში კრისტიან დანიელსონთან. 
შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი და თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. 
მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს მთავრობის ინიცირებული ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკა RoadMap2EU, რაც მათი განცხადებით   ხელს შეუწყობს ევროპული დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმების კონსოლიდაციას და ქვეყნის  კიდევ უფრო დაახლოებას ევროკავშირთან. საუბარი შეეხო ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებულ ქმედებებს.  მხარეები მიესალმნენ ევროკავშირის მზაობას მოახდინოს შემდგომი დახმარების ფოკუსირება საქართველოს ეკონომიკური და ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით. ამ მხრივ განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის მხრიდან საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე.  
შეხვედრაზე გაცვალეს მოსაზრებები "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფორმატთან დაკავშირებით და ამ მხრივ  კიდევ ერთხელ შაფასეს ბრიუსელის სამიტის შედეგები და ევროკავშირის ინიციატივა 20 შედეგი 2020-სთვის.  მხარეები მიესალმნენ ბათუმის კონფერენციას, სადაც ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენელთა შორის კიდევ ერთხელ გაიცვალა მოსაზრებები "აღმოსავლეთ პარტნიორობის"  ფორმატის მომავალზე და ასევე წევრი ქვეყნების სამომავლო  თანამშრომლობაზე ევროკავშირთან. 
შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას და ისაუბრეს იმ გამოწვევებზე, რაც დაკავშირებულია ამ რეგიონებში უსაფრთხოების  და ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ პრობლემებთან. ევროკავშირის მხარე მიესალმა საქართველოს მთავრობის სამშვიდბო ინიციატივას "ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ"  და აღნიშნა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს ყველა ქმედებას, რაც ემსახურება მხარეებს შორის ნდობის აღდგენას. კიდევ ერთხელ აღინიშნა ევროკავშირის განსაკუთრებული როლი  რეგიონში სტაბილურობისა და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.  
თავის მხრივ, ევროკავშირის დელეგაციამ ხაზი გაუსვა ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ევროპარლამენტში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინის გამოსვლითა და საქართველო-რუსეთის კონფლიქტთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუციით.