14.06.2018 ქ.ბათუმი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი ირლანდიის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა ერთობლივი კომიტეტის წევრს, სენატორ ჯერარ ქროქუელს შეხვდა.

შეხვედრაზე, რომელიც ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზის“ ფარგლებში გაიმართა, ვახტანგ მახარობლიშვილმა მადლობა გადაუხადა ირლანდიის მხარეს, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში საქართველოს მხარდაჭერისათვის.

ვახტანგ მახარობლიშვილმა ინფორმაცია  მიაწოდა ირლანდიელ კოლეგას საქართველოს მიერ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე განხორცილებული ძალისხმევისა და ასევე მომავალში დაგეგმილი ნაბიჯების შესახებ. ქართულმა მხარემ დეტალურად ისაუბრა ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის კონცეფციასა (Roadmap2EU) და მის მთავარ მიმართულებებზე, რომელიც მნიშველოვან დამატებით იმპულსს შეიტანს  ევროკავშირთან შემდგომი დაახლოების საკითხში. 

ირლანდიური მხარის მიერ დადებითად იქნა შეფასებული ევროპული და ევრატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა. ჯერარ ქროქუელმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი საქართველოს მიერ საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში შეტანილ წვლილს.

მხარეებმა იმსჯელეს არსებული მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპეტივებზე, როგორც ორმხრივ ისე მრავალმხრივ ფორმატებში.​