10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 2009 წელს, ევროკავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის 6 პარტნიორი ქვეყნის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვას, უკრაინის, საქართველოსა და სომხეთის თაოსნობით შეიქმნა და ამოქმედდა ახალი ინიციატივა - „აღმოსავლეთ პარტნიორობა“. ბოლო ათწლეულის განმავლობაში, პარტნიორობა ეფექტიან პოლიტიკურ პროექტად იქცა, რომელმაც ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობა თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანა. შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის ხელშეწყობისათვის აგებული მრავალმხრივი ფორმატის მეშვეობით, „აღმოსავლეთ პარტნიორობამ“ მკაფიო რეგიონული განზომილება შექმნა.

„აღმოსავლეთ პარტნიორობა“ განსაკუთრებულ როლს ასრულებს ხალხთაშორისი კონტაქტების, სავაჭრო-ეკონომიკური და სექტორული თანამშრომლობის, ასევე დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის ხელშეწყობის საქმეში. მიუხედავად ამისა, პარტნიორი ქვეყნების წინაშე კვლავაც დგას სხვადასხვა ტიპის გამოწვევები: უსაფრთხოება, ტერიტორიული მთლიანობა თუ ეკონომიკური განვითარება.

კონფერენცია მიზნად ისახავს, შეაფასოს პარტნიორობა და მისი მთავარი მიღწევები, ისევე როგორც გეოპოლიტიკური კონტექსტი, რომელშიც ის ვითარდება. კონფერენციის მონაწილეები განიხილავენ ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების  საერთო გამოწვევებს, რათა აღმოსავლეთ პარტნიორობა უკეთ მოერგოს ყველა მხარის ინტერესებს, დიფერენციაციისა და ინკლუზიურობის პრინციპების შესაბამისად.

ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია მონაწილეებს შესთავაზებს თემატურ სესიებს თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებზე, სადაც მათ შესაძლებლობა ექნებათ, ერთმანეთს გაუზიარონ ახალი იდეები და ერთად მოიფიქრონ, თუ რისი გაკეთება იქნება საჭირო პარტნიორობის სამომავლო გაძლიერებისა და 2020 წლის შემდგომ პერიოდში ევროპული ინტეგრაციის პროცესის წინსვლისათვის.

კონფერენციის მონაწილეები ასევე ისაუბრებენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში დემოკრატიული ტრანსფორმაციის პროცესებზე, შავი ზღვის უსაფრთხოებასა და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტებზე და განიხილავენ სატრანსპორტო, ენერგეტიკულ და ციფრულ პროექტებს, რომელთა მიზანი ევროკავშირთან რეგიონის ქვეყნების უფრო ღრმა ეკონომიკური ინტეგრაციაა.

ამასთანავე, კონფერენციის პარალელურად ჩატარდება აღმოსავლეთ პარტნიორობის საინვესტიციო ფორუმი და ევროპის საინვესტიციო ბანკის აღმოსავლეთ პარტნიორობის ტექნიკური დახმარების ფონდის დონორთა ყოველწლიური ასამბლეა.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილეს აღსანიშნავ კონფერენციაში მონაწილოებას მიიღებენ როგორც ევროკავშირის, ასევე ექვსი პარტნიორი ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირები, აკადემიური წრის, არასამთავრობო სექტორისა და ბიზნესის წარმომადგენლები.