ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია 

ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია

2021 წლის 19 ივლისი

ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენცია ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართება

წლების განმავლობაში, ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია ახალი იდეების, პოლიტიკის დაგეგმვისა და საერთო ინტერესების შეჯერებისთვის მნიშვნელოვან სტრატეგიულ პლატფორმად იქცა, რომლის მიზანი, სხვა საკითხებთან ერთად, ევროკავშირსა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობების გაღრმავება და გაძლიერებაა.

გამოწვევებით სავსე ერთი წლის შემდეგ, რამაც მსოფლიოში საკითხთა გადაფასებასა და ტრანსფორმაციას მისცა ბიძგი, ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია ჰიბრიდულ ფორმატში ბრუნდება. გლობალური პანდემია კაცობრიობისთვის გარდამტეხ მომენტად იქცა, რამაც ბუნებრივად შექმნა გლობალური პრობლემების გადაფასებისა და ახალ შესაძლებლობათა გამოვლენის ნიადაგი.

მიუხედავად იმისა, რომ პანდემიით გამოწვეული ვითარების გათვალისწინებით, ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე ფიზიკურად დამსწრეთა რაოდენობა წელს შეზღუდულია და ღონისძიება ჰიბრიდულ ფორმატში ტარდება, ღონისძიების მთავარ თემებს კვლავაც ევროპული ინტეგრაცია და ევროპული საკითხები წარმოადგენს. კონფერენციის პანელები ორ მთავარ საკითხს დაეთმობა:

კონფერენციის ცენტრალური საკითხი ევროკავშირის სამ ასოცირებულ პარტნიორს - საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის  გაღრმავებული თანამშრომლობა იქნება, რომლებმაც ახლახან ასოცირებული ტრიოს ფორმატი შექმნეს. სამ ასოცირებულ პარტნიორს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, დააჩქაროს რეფორმები ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმებების შესაბამისად, რომლებიც შეიცავს ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცესთან დაკავშირებულ დებულებებს და სამ ქვეყანას ევროპული ინტეგრაციის შემდეგი ეტაპისთვის ამზადებს. შესაბამისად, პანელზე განიხილება ევროკავშირის შესაძლო დაინტერესება სამი აღმოსავლეთ ევროპელი პარტნიორის გაძლიერებული ინტეგრაციის  პროცესით. პანელის მონაწილეები ასევე მიმოიხილავენ სამივე ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებსა და მათი ახალი ფორმატის როლს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალში.

მეორე პანელზე, წამყვანი ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლები იმსჯელებენ ტრადიციული ტრანსატლანტიკური დიალოგის განახლებასა და მისი შემდგომი განვითარების შესაძლო სცენარებზე. თავისუფლების განმტკიცებისა და მსოფლიოს მასშტაბით დემოკრატიის კონსოლიდაციის კონტექსტში, მნიშვნელოვან საკითხებს წარმოადგენს ისტორიული მოკავშირის - ამერიკის შეერთებული შტატებისგან ევროკავშირის ავტონომიურობა და ევროპის მიმართ ამერიკის ინტერესის შესაძლო შემცირება. ამასთანავე, ატლანტიკური სივრცის ტრადიციული მოკავშირეები განახლებული ენთუზიაზმით ავითარებენ ურთიერთობებს ისეთ სფეროებში, სადაც თანამშრომლობის მნიშვნელოვანი პოტენციალი არსებობს. შესაბამისად, პანელზე ექსპერტები ისაუბრებენ განახლებული ტრანსატლანტიკური ალიანსის ჩარჩოებზე, იმსჯელებენ, იქნება თუ არა მსოფლიოში დემოკრატიის მხარდაჭერა ახალი ტრანსატლანტიკური დღის წესრიგის ნაწილი და მოიცავს თუ არა ის აღმოსავლეთ ევროპის იმ ქვეყნებს, რომლებიც ევროკავშირისა და ნატოს წევრები არ არიან.

ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენციის პანელის წევრები ფიზიკურად დაესწრებიან, ხოლო აუდიტორია ვირტუალურად შეძლებს ღონისძიებაში მონაწილეობას.