ქ. ბათუმში, მე-15 საერთაშორისო კონფერენციის “საქართველოს ევროპული გზა” ფარგლებში თემატური სამუშაო სესია გაიმართა სახელწოდებით “ევროკავშირთან სექტორული ინტეგრაცია”.
 
სესიის ფარგლებში განხილულ იქნა ინსტიტუციური თანამშრომლობის სექტორული მიმართულების გაძლიერება; სექტორული პოლიტიკის განვითარება ევროკავშირის პრაქტიკის შესაბამისად; ევროკავშირის პროგრამებსა და სპეციალურ პროექტებში მონაწილეობა; ინსტიტუციური შესაბამისობის ხელშეწყობის და საუკეთესო ევროპული გამოცდილების გაზიარების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი; მეცნიერების, განათლების, ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების დარგში სამომავლო პერსპექტივების გაჩენა.
 
სესიის მომხსენებლები იყვნენ საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე, ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციის გენერალური დირექტორატის საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორი ქრისტინა რუსო და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი იანოშ ჰერმანი. მოდერირებული დისკუსია წარმართა პოლიტიკისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო ჯგუფის თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა ალექსი ალექსიშვილმა.
 
მომხსენებლებმა ყურადღება გაამხვილეს განათლებისა და მეცნიერების კუთხით გატარებულ რეფორმებზე, სოფლისმეურნეობაზე, როგორც ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ სექტორზე, საქართველოს მონაწილეობაზე ევროკავშირის პროგრამებსა და სპეციალურ პროექტებში, როგორიცაა Erasmus+, Creative Europe, Horizon 2020, ENPARD. ​​