2018 წლის 15 ივნისს, ბათუმში, მე-15 საერთაშორისო კონფერენციის - „საქართველოს ევროპული გზა“ ფარგლებში გაიმართა ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი საქართველოსა და ხორვატიის რესპუბლიკას შორის. ქართული მხრიდან კონსულტაციებს უძღვებოდა მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ მახარობლიშვილი, ხოლო ხორვატიის მხრიდან პოლიტიკურ საქმეთა გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელი ვიცე სკაჩიჩი.
კონსულტაციების ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები. საუბარი შეეხოსაქართველოსა და ხორვატიის რესპუბლიკას შორის სექტორული თანამშრომლობის გაღრმავების, ასევე ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების აუცილებლობას. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ტურიზმის სფერო თანამშრომლობის განვითარების პერსპექტიული მიმართულებაა და ხაზი გაესვა ამ მიმართულებით მუშაობის გააქტიურების აუცილებლობას. მხარეები მიესალმნენ საქართველოსა და ხორვატიის რესპუბლიკას შორის სეზონური პირდაპირი ფრენების დანიშვნას და იმედი გამოთქვეს, რომ უახლოეს მომავალში ორ ქვეყანას შორის რეგულარული პირდაპირი ფრენები განხორციელდება, რაც ხელს შეუწყობს ხალხთაშორისი კონტაქტებისა და ზოგადად ტურიზმის სფეროს განვითარებას.
ვახტანგ მახარობლიშვილმა მადლობა გადაუხადა ხორვატიის მხარეს ქართული ინსტიტუტების ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებაში გაწეული პრაქტიკული დახმარებისთვის, რომელსაც ხორვატიის რესპუბლიკა TWINNING პროექტებში  ჩართულობით ახორციელებს. მანიმედი გამოთქვა, რომ TWINNING პროექტებში ხორვატიის ჩართულობა მომავალშიც გაგრძელდება და ხაზი გაუსვა TWINNING პროექტების მნიშვნელობას ევროკავშირთან დაახლოების საქმეში.
ქართულმა მხარემ დეტალურად ისაუბრა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმდინარე დღის წესრიგსა და სამომავლო პერსპექტივების თაობაზე. ხაზი გაესვა ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ხორვატიის მხარის მხარდაჭერას და მისი გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას. შეხვედრაზე ასევე მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. ვახტანგ მახარობლიშვილმა დეტალურად გააცნო ხორვატიის რესპუბლიკის დელეგაციას ადგილზე არსებული უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული სიტუაცია, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობის პროცესი და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის უდიდეს მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. 
პოლიტიკურ კონსულტაციებზე ხორვატიის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე საქართველოს ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაციის უპირობო მხარდაჭერა და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვა. ამასთან, ხორვატიის მხარემ გამოხატა მზადყოფნა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკუთარი გამოცდილების გაზიარებასთან დაკავშირებით.