ქ. ბათუმში, მე-15 საერთაშორისო კონფერენციის “საქართველოს ევროპული გზა” ფარგლებში რიგით მეორე სამუშაო სესია გაიმართა სახელწოდებით “უფრო ძლიერი ევროპისკენ - გაფართოება როგორც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მძლავრი ინსტრუმენტი”. 
 
სესიის ფარგლებში განხილულ იქნა ევროკავშირის საბჭოს ბულგარეთის თავმჯდომარეობის დასკვნითი ანგარიში, ევროკავშირი-დასავლეთ ბალკანეთის სტრატეგია - გაფართოების დამაჯერებელი  პერსპექტივა, ევროკავშირთან აპროქსიმაცია - მიღებული გამოცდილების გაზიარება. 
 
სესიის მომხსენებლები იყვნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა, ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იური სტერკი და ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის უმცროსი მოადგილე მარტინ კოშატკა. მოდერირებული დისკუსია წარმართა ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერმა ვანო ჩხიკვაძე.  
 
მომხსენებლების მხრიდან ხაზი გაესვა, რომ დასავლეთ ბალკანეთის მიმართ ევროკავშირის გაფართოვების პოლიტიკა ქმნის პოზიტიურ პერსპექტივას აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის. სესიაზე განხილულ იქნა საქართველოს ტრანსფორმაციის პროცესი და ამ მიმართულებით არსებული პროგრესი. მომხსენებლების მხრიდან აგრეთვე აღინიშნა, რომ გაფართოება გულისხმობს მზაობას როგორც კონკრეტული ქვეყნის, ასევე ევროკავშირის მხრიდან. ​