დღეს, ქ. ბათუმში, ბათუმის მე-13 საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა-სტაბილურობა, განვითარება და მრავალფეროვნება“ გაიხსნა. კონფერენციის ფარგლებში მუშაობა დაასრულა პირველმა სესიამ „ევროკავშირის პოლიტიკა ევროპული სამეზობლოს მიმართ  და სლოვაკეთის რესპუბლიკის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის გამოწვევები“, სადაც განიხილება ისეთი საკითხები, როგორიცაა: ვიშეგრადის როლი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური ტრანსფორმაციის პროცესში; ვიშეგრადისა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივები; ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მხარდასაჭერად; ევროკავშირის კომუნიკაცია და საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდა რეგიონში - გამოწვევები და შესაძლებლობები.

სესიას მოდერაციას უწევდა გამოცემა Financial Times-ის ცენტრალური ევროპის საკითხთა კორესპონდენტი ჰენრი ფოი. სესიის მომხსენებლები იყვნენ: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, პოლონეთის რესპუბლიკის სენატის საგარეო და ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იაროსლავ ობრემსკი, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრი იშტვან მიკოლა და ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის უმცროსი მოადგილე იაროსლავ ლუდვა.

კონფერენციაში „საქართველოს ევროპული გზა“ მონაწილეობენ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ევროკავშირის ინსტიტუტებისა და პარტნიორი ქვეყნების მაღალი რანგის ოფიციალური პირები, მათ  შორის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები. ღონისძიებას გააშუქებს საერთაშორისო და ადგილობრივი მედია.